ახალი სივრცე

2015 წელი,  გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის არა მხოლოდ 170-ე საიუბილეო თარიღით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ სწორედ ამავე წლის 21 ნოემბერს, რეჟისორ სოსო ნემსაძისა და თეატრის მთელი  შემოქმედებითი გუნდის წყალობით  გაიხსნა ახალი, მესამე, სრულიად განსხვავებული ექსპერიმენტული სივრცე. სივრცე, რომელიც გამოირჩევა დანარჩენი ორისგან იმით, რომ ის მსახიობს, რეჟისორსა თუ მაყურებელს აძლევს საშუალებას იყოს ერთი მთლიანი გუნდის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. სწორედ თავისი მობილურობიდან გამომდინარე, სივრცე რეჟისორს უბიძგებს  განახორციელოს მრავალი ექსპერიმენტი, გასაქანი მისცეს და ხორცი შეასხას ნებისმიერ საკუთარ კრეატიულ თუ „გიჟურ“ ჩანაფიქრს.

სცენა ასევე გამოირჩევა იმითაც, რომ წარმოდგენები საღამოს 9 საათზე იწყება, რისი წყალობითაც ქალაქში სიცოცხლე გვიანობამდე სჩქეფს. სივრცეში არ არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი სცენისა თუ პარტერისათვის, მათი განლაგებაც რეჟისორის ნებაზეა დამოკიდებული, იგი მთელ სივრცეს არგებს საკუთარ კრეატიულ იდეებს და არა პირიქით, აქ რეჟისორია ყველაფრის ბატონ-პატრონი. მესამე სივრცე 70-80 კაცს იტევს, რის გამოც კონტაქტი მეტად მჭიდროა მსახიობსა და დამსწრე საზოგადოებას შორის, რომლის ნათელი მაგალითიცაა სოსო ნემსაძის სპექტაკლი „ლაბორატორია“, სადაც მოქმედება მაყურებელთა შორის და მათ გარშემო ისე ვითარდება, რომ მაყურებელსაც სპექტაკლის უშუალო მონაწილედ აქცევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მესამე სივრცე პრემიერით გაიხსნა, 2015 წლის 21 ნოემბერს. ეს იყო ა.პ. ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ინტერპრეტაცია, რომელშიც რეჟისორმა - სოსო ნემსაძემ სრულიად განსხვავებულად წარმოადგინა პიესა. სრულიად აითვისა სივრცე, მოარგო საკუთარ იდეებს და სწორედ ამ სპექტაკლით დაგვანახა მაყურებელს, თუ რის საშუალებას იძლევა მესამე სივრცე და რამდენად შეგვიძლია ეს სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენოთ მაყურებელთა ყურადღების მისაქცევად და მათთვის სიამოვნების მისანიჭებლად, დასაინტერესებლად ან თუნდაც გასაოცებლად.

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art