კამანის გულწითელა თეთრი მტრედი

„ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთისნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაშიგ ამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.

კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიებაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.” (http://www.ambioni.ge/mama-andria-yurashvili )
“… ესეც ასე, კამანი ჩვენია... ყველაფერი დასრულდა... დასრულდა? ვინ იცის, იქნებ ყველაფერი ახლა იწყება!...“ ჩვენს წინაშე გათამაშდა აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედია, ოთარ პერტახიას პიესის „კამანის დრამის“ მოტივებზე აგებული ირაკლი სამსონაძის პიესის „კამანის გულწითელა თეთრი მტრედის“ მიხედვით, რომლის პერსონაჟებიც საკუთარ სულისშემძვრელ მოკლე ისტორიებს თავადვე ამცნობენ მაყურებელს. პიესის ავტორმა, ისევე როგორც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ამ მცირე, თუმცა ძალზე ამაღელვებელი ისტორიებით შეძლეს გამოეწვიათ მაყურებელში ემოცია, რომლის წყალობითაც მათ ერთმანეთთან სამკვდრო-საციცოცხლო ომში გადაკიდებულ პერსონაჟებს სათანადოდ უთანაგრძნეს. ეს არის სპექტაკლი, სადაც გაგვიჭირდება ვიპოვოთ დამნაშავე, აქ თითქოს ყველა თავის მხრივ პატიოსანი და გულწრფელია, ან უფრო დროისა და ვითარების მსხვერპლი.
მინდა აღვნიშნო რეჟისორის ის ოსტატობა, რომლის წყალობითაც ეს სპექტაკლი საინტერესო, ახლობელი და ერთი ამოსუნთქვით სანახავი გახდა მაყურებლისთვის, დატვირთული მთელი რიგი ემოციური სცენებით. მუსიკალური გაფორმება (სოსო ნემსაძე, გიგა ბიტიაშვილი), მხატვრობა (მირიან შველიძე) თუ განათება ისეა შერჩეული, რომ მნახველის ემოციებზე ზუსტადაა გათვლილი და მის შინაგან მდგომარეობასა და აღქმის უნარზე დიდ გავლენას ახდენს, მაქსიმალურად უწყობს ხელს მათ ჩართვას ამ ტრაგიკულ მოქმედებაში. ყველა პერსონაჟი ცოდვილია, ყველას თავისი ტრაგიკული ცხოვრება აქვს, წარსული არც თუ ისე სახარბიელო და დეკორაციის ნაწილიც წყალი, რომელსაც თითქმის ყველა პერსონაჟი არაერთხელ იყენებს, თითქოს მათი ცოდვებისგან განწმენდის ერთგვარი სიმბოლოა. დეკორაციის არც ერთი ნაწილი არ დარჩენილა სცენაზე აუთვისებელი, ყველაფერს თავისი კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა, რისი ნათელი მაგალითიცაა ხის ის ფიცრები რომლებიც სცენიდან გამომდინარე ხან გზა იყო გმირების სავალი, ხან სამარე, ხან კიდევ დამცავი კედელი მებრძოლთათვის. ეს ყველაფერი კი იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც ჩემი აზრით თავი არ დაუზოგავს, რათა მაყურებლისთვის შთამბეჭდავი სანახაობა შემოეთავაზებინა. 
გორის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მაყურებლის წინაშე, სცენაზე გაცოცხლდა ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამაღელვებელი თემა, ქართულ-აფხაზური დაპირისპირება. სიუჟეტი უკვე ლეგენდად ქცეულ სოფელ კამანის დაპყრობაზეა. მოქმედება მამა ანდრიას (ამირან ქაჩიბაია), აფხაზი მეომრის (ომარ ბექაური), ოფიცრის (გიორგი გოგუაძე), იური ანუასა (კახა ბერიძე) და დაურ ზუხბას (ზაზა თედელური) შორის მიმდინარეობს. მოქმედების უწყვეტი ხაზი ისე ვითარდება, რომ საკმარისია მაყურებელი მოდუნდეს და ის კარგავს სიტუაციის სწორად აღქმის უნარს. სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში ყველაფერი ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია დაინახო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამავალი ზღვარი, როდის ხდება მოქმედება მათ სიცოცხლეშივე თუ გარდაცვალების შედეგ. წარმოდგენა მსახიობ ზაზა თედელურის (დაურ ზუხბა) სიტყვებით იწყება, რომელიც რეჟისორმა ბოლოდან თავში გადმოიტანა და ამით უფრო საინტერესო გახადა ეს მონოლოგი, რადგან მაყურებელი მთელი მოქმედების განმავლობაში ცდილობს გაერკვეს დაურის სიტყვებში: „მე დაურ ზუხბა ვარ, გუდაუთელი ბიჭი, მე ჩემი თვალით ვნახე სასწაული, როგორ არ შედედდა მიცვალებულის სისხლი რამდენიმე დღის მანძილზე... მე ვნახე სასწაული და ამან დამაბნია... მერე მე ვომობდი, რადგან მასწავლეს, რომ სამშობლოსთვის უნდა იომო, თუმცა ყოველთვის მახსოვდა ის დღე, როცა სასწაულს გადავეყარე დაბნეულობა არ მტოვებდა არც ომში, არც ჩვეულებრივ ცხოვრებაში…” მსახიობები სცენაზე იხოცებიან, ცოცხლდებიან და ეს ხდება ისე, რომ მნახველი ამ სიკვდილ-სიცოცხლის მიზეზებს თანდათან, მოქმედების მსვლელობის პარალელურად იგებს, რომლის კულმინაციაც ფინალია. სწორედ დასასრულისკენ ირკვევა, რომ ეს სასწაული სწორედ ერთ-ერთ პერსონაჟზე - მამა ანდრიაზე მიუთითებდა (ამირან ქაჩიბაია). ზაზამ შეძლო ბოლომდე გამოეხატა ის ემოცია და გმირის ის მდგომარეობა, რომელსაც მისი პერსონაჟი ატარებდა. საკმაოდ ამაღელვებელი იყო მის მიერ შექმნილი გმირის სახე. ის ზუსტად გადმოცემდა ემოციებს, როგორც ჟესტიკულაციით, ასევე მეტყველებითა თუ პლასტიკით. სწორედ ეს იყო პერსონაჟი, რომელიც ეხმარებოდა მაყურებელს სპექტაკლის კვანძის გახსნაში, თითქოს ერთგვარი მაცნეა მაყურებლის წინაშე. 
პიროვნულად მასთან ყველაზე ახლოს დგას პერსონაჟებიდან იური ანუა (კახა ბერიძე), რომელიც განასახიერებს აფხაზ მოქალაქეს, რომელიც ეკლესიას აფარებს თავს. მასაც, ისევე როგორც, ზაზას პერსონაჟს სინდისი აწუხებს საკუთარი ცხოვრების განვლილი გზის გამო, სწორედ ეს აერთიანებთ მათ, სინანული, დიდი სინანული, რომელიც მოსვენებას უკარგავს მათ. „ მამაო, ქვეყანა ყალბი იყო და ის გზაც, რომელიც ფულს მაკეთებინებდა ამ ქვეყანაში... ფული კი ვიშოვნე, მაგრამ ერთ დღეს ისეთი პატარა და უმნიშვნელო შეიქმნა ყველაფერი... ფულიც, მდგომარეობაც, ყველაფერი მამაო...“ კახას მიერ შექმნილი სახეც საკმაოდ ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არა-ერთხელ წარმოსთქვამს სულისშემძვრელ სიტყვებს: „ვის ვესროლო, ჩემს ქართველ დედას თუ აფხაზ მამას მეთქი?! ასე მეგონა ყველაფერი ჩემი ბრალია... ეს ომი, ეს სისხლისღვრა, ეს სიგიჟე...“ საოცარია ამ დროს მსახიობის მდგომარეობა, ეს ყველაფერი იმდენად ახლობელი ხდება მისთვის და იმდენად ითავისებს ამ ყოველივეს, რომ გამორიცხულია მაყურებლისთვის გულგრილი დარჩეს. მისი მზერა და თვალები, გამოხედვა, რომელიც თითოეულ მნახველს სულში წვდება და უღვივებს თანაგრძნობას ამ უბედური პერსონაჟის მიმართ. მსახიობს ხელს უწყობს საკუთარი დამახასიათებელი ხმის ტემბრიც, რომელიც მის მოქმედებას უფრო მეტ ემოციურ ფონს მატებს. ჩემი აზრით, საკმაოდ დასამახსოვრებელი სახის შექმნა შეძლო კახა ბერიძემ იური ანუას სახით. ადგილი სადაც იურიმ თავი შეაფარა იყო ტაძარი, სადაც მამა ანდრია მოღვაწეობდა (ამირან ქაჩიბაია), ერთადერთი იმედი და ნათელი წერტილი იმ მხარეში, იმ დაძაბულ პერიოდში, როცა რწმენა და ღმერთი ყველას მივიწყებული ყავდა არსებული მდგომარეობის გამო. 
სათნო, კეთილი, საკმაოდ ჭკვიანი მამაო ამირან ქაჩიბაია, ოსტატურად ახერხებს სიტყვა-პასუხით აჯობოს აფხაზ დამპყრობლებს: „-აბა მამაო, ერთ მარტივ კითხვაზე გაგვეცი პასუხი, ვისი მიწაა ეს - აფხაზების თუ ქართველების? - ეს ღვთის მიწაა!“ პასუხობს ამირანის პერსონაჟი, რასაც წითელი არმიის ოფიცერი გიორგი გოგუაძე მდგომარეობიდან გამოყავს, ნერვიული ხდება, მწარდება და თავს ვეღარ აკონტროლებს. მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობი გიორგი გოგუაძე მეტად გულწრფელია და მართალი მაყურებლის წინაშე, თუნდაც ზემოხსენებულ ეპიზოდში, თუმცა მთლიანობაში კი მის მიერ შექმნილ პერსონაჟს ეტყობოდა, რომ მსახიობს მეტის გაკეთება შეეძლო, რისი თქმის უფლებასაც მაძლევს სწორედ ის ეპიზოდები, სადაც ის მაქსიმალურად იხარჯებოდა და მკვეთრად გამოხატავდა საკუთარი პერსონაჟის სახეს. სწორედ მისი პერსონაჟი ეწინააღმდეგება ყველაზე მეტად ამირანის მიერ განსახიერებულ მამა ანდრიას და სწორედ ის გასცემს მისი დახვრეტის ბრძანებას, რომელსაც არ ასრულებს აფხაზი მეომარი- ომარ ბექაური, რომელიც არ იყო მზად მამაოს წმინდა სისხლით ხელები გაესვარა და ამას აღიარებს კიდეც, უკვე გარდაცვლილი მისი გმირი „ჩემი ტანჯული სული წითელი არმიის ოფიცრის ბრძანებას აღარ ემორჩილება. გაიგე ბოლოსდაბოლოს ჩვენ დავიხოცეთ! გაიხსენე... შენ მე მომკალი ბრძანების შეუსრულებლობისათვის, შემდეგ კი საკუთარ ბინაში თავი ჩამოიხრჩე- გაიხსენე...“ სპექტაკლში იყო ისეთი ეპიზოდებიც, როდესაც აფხაზი მეომრის პერსონაჟი არ იყო დამაჯერებელი მაყურებლისთვის. 
ამირანს რაც შეეხება, რასაც ვიტყოდი არის ის, რომ მისი ხმა იკარგებოდა კონკრეტული მოქმედებების დროს და მეტყველება გაუგებარი ხდებოდა მაყურებლისთვის. სხვა დანარჩენს მსახიობმა თავი საკმაოდ კარგად გაართვა და ბერი ანდრიას სათნო სახე შექმნა, სწორედ მან შექმნა პიესისა და სპექტაკლის „მთავარი“ გმირი „კამანის გულწითელა თეთრი მტრედი“, რომლის სიკვდილის მოწმეც გახდა დაურ ზუხბა, რომელმაც ეს ყოველივე სასწაულად აღიქვა ზემოხსენებულ სიტყვებში. სწორედ მამაოს სიკვდილის სცენა ფინალისკენ ხდის ფარდას ზაზას მონოლოგს სპექტაკლის დასაწყისში. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს არაა სპექტაკლი, რომელიც ისე უნდა აღვიქვათ, როგორცაა წარმოდგენილი, რადგან ამას თვალყურის დევნისას ფიქრი და ანალიზი სჭირდება, არ უნდა გამოგრჩეს არც ერთი დიალოგი და არც ერთი ქმედება, რომ არ ამოვარდე მოვლენათა განვითარების ერთი მთლიანი ჯაჭვიდან და არ აირიო სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე. „აქამდე ვერ მიხვდი, რა არის ჩვენი ხვედრი? ჩვენი ხვედრი მათი მოკვდინებაა მუდმივად... მე დავიტანჯე ამით და აღარ მსურს მათი მოკვდინება!“

ნინო გაბრავა


AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art