იაკობ გოგებაშვილის სცენური სახება

იაკობ გოგებაშვილის სცენური სახება

წლევანდელი სეზონი ერისთავის თეატრმა პრემიერით დახურა და გახსნა: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ქარგაზე აგებული როსტომ ჩხეიძის პიესის „იის სურნელი თოვლში“ მიხედვით სოსო ნემსაძის მიერ ხორცშესხმული დადგმით. 
სეზონის დახურვას გამოეხმაურა იოსებ ჭუმბურიძე ესეით „იები თოვლში და ჰაე, როგორც ამოსუნთქვა“ („საქართველოს რესპუბლიკა“ , 2016, 27 ივლისი), საუკეთესო, ქრესტომათიული ნიმუშით, თუ როგორ უნდა გაიაზრებოდეს და ფასდებოდეს თეატრალური მოვლენა, ჟურნალისტს ერთი ნიუანსიც რომ არ დარჩენია შეუნიშნავი და ჭეშმარიტი ოსტატობით შეძლო არცთუ დიდი მოცულობის თხზულებაში ყველაფრის ჩატევა, წარმოაჩინა სპექტაკლი როგორც ესთეტიკური, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენა. 
სეზონის გახსნამაც არანაკლები ცნობისწადილი და შთაბეჭდილება გამოიწვია და არ გვიკვირს, გარდა გორელებისა, თბილისიდან და ქუთაისიდან საგანგებოდ ჩამოსულმა მაყურებელმაც რომ იხილა. 
ეს ის დადგმაა, რომელშიც ყველა მონაწილე, „დიდი“ თუ „პატარა“ როლის შემსრულებელი თავის დანიშნულებასა და მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს და ამიტომაც გვსურს ყველას გვარ-სახელი მოვიხსენიოთ: რეჟისორი იქნება _ სოსო ნემსაძე, მხატვარი – აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზაშვილი, კომპოზიტორი – მამუკა მეგრელიშვილი, ქორეოგრაფი – გია მარღანია, ვოკალი – ლელა მერაბიშვილი, ტექნიკური რეჟისორი – სოფი დრულევი, მგალობელთა გუნდი _ მარიამ კაპანაძე, ელენე კაპანაძე, თამარ კაიშაური, ქეთი ლაზარაშვილი, თუ მსახიობები: სოსო მგალობლიშვილი (იაკობ გოგებაშვილი), კობა კოპაძე (მოხუცი იაკობ გოგებაშვილი), შოთა ხანჯალიაშვილი (ვასილ ბარნოვი), კახა ბერიძე (გაბრიელ ეპისკოპოსი), ლევან როსტომაული (ნიკო ცხვედაძე და სემინარიელი), კონსტანტინე კახიშვილი (სანდრო ცხვედაძე), ზვიად მაღალაშვილი (ანტონ ფურცელაძე), ლევან ჯამბრიშვილი (ნიკო ლომოური და დიმიტრი ბაქრაძე), ზურაბ ხინჩიკაშვილი (იოსებ მამაცაშვილი), სოფია მაიერი (დარო მამაცაშვილი), მაკა შალიკაშვილი (ბარბარე მამაცაშვილი), ანი ჩოგოვაძე (ელენე მამაცაშვილი), გიორგი მაყაშვილი (ვახტანგ თულაშვილი), მარი არღუთაშვილი (უცნობი ქალი), ამირან ქაჯაია (მეფისნაცვალი), ზაზა ცარულაშვილი (კანცელარიის უფროსი), მერაბ ჭანკოტაძე (სასწავლებლის დირექტორი), ქიშვარდ მანველიშვილი (მასწავლებელი), მერაბ მეზურნიშვილი (მასწავლებელი), გიორგი ჩოჩნიძე (სემინარიელი და მეფისნაცვლის მდივანი), ზურაბ პავლიაშვილი (ჯაშუში) და ჯემალ ჭულუხაძე (ჯაშუში). 
სავსებით ბუნებრივია ამ სპექტაკლის ასეთი წარმატება, ნიშანდობლივი გორის თეატრისათვის და განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც თეატრს სათავეში ჩაუდგა სოსო ნემსაძე. და კიდეც დაიდგა ერთმანეთზე უკეთესი სპექტაკლები – დრამებიც, ტრაგედიებიც, კომედიებიც. მთელი გორი ჩაერთო თეატრის ცხოვრებაში და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ ზედიზედ დაჯილდოვდა ეს სპექტაკლები, გრან-პრითაც რომ აღინიშნა. 


* * *
პრემიერის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მაყურებელს ვთხოვეთ შთაბეჭდილების გაზიარება: 


ელგუჯა თავბერიძე (მწერალი და გამომცემელი):

„გორის თეატრში როსტომ ჩხეიძის პიესის „იის სურნელი თოვლში“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე იოსებ ჭუმბურიძის მრავლისმთქმელი წერილი რომ წავიკითხე „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე, საინტერესოს ველოდი.
ნეტავ ყველა მოლოდინი ასე გამიმართლდეს.
ძალიან დინამიკური, ექსპრესიული, ფიქრის აღმძვრელი სპექტაკლია (ასეთია პიესაც), საოცარი დამაჯერებლობით, ბუნებრიობით თამაშობენ მსახიობები.
სცენიდან ისმოდა ქართული სიტყვა, მართალი, უბრალო, დამაფიქრებელი, ტრაგიკული ყოფის დამხატავი. 
ნაღდი უშუალობით იძერწებოდა იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ხატება _ შეუდრეკელი, მოუთოკავი, მიზნისკენ მიმსწრაფი, თხემით ტერფამდე ქართველი და მისხლობით ქართულის მაძიებელი.
თურმე შეიძლება დიდ ქართველთა სცენური გაცოცხლება, თანაც ძალიან სახიერად, სულში ჩამწვდომად, მისი სულიც რომ განათდება, სხეულიც ჩაგრჩება ხსოვნაში, გული აგედევნება, არ მოგასვენებს.
არ იფიქრით, მარტო მთავარი როლი იყო შთამბეჭდავი, ყველა სახე ძალიან ცოცხლად, ძალიან მორგებულადაა გასცენიურებული.
იაკობის მერე ვის გამოყოფდითო, რომ მკითხოთ, პასუხი გამიჭირდება. გაბრიელ ეპისკოპოსი, მთავარმართებელი, სკოლაში შიშნასა და შხვეპლას დამამკვიდრებლები, ვასილ ბარნოვი, სანდრო ცხვედაძე, დარო მამაცაშვილი და... რომელი ერთი.
ძალიან ანსამბლურად სახიერდებოდა დიდ ქართველთა ფიქრი და განაზრახი.
მომეწონა, აღვფრთოვანდი, სპექტაკლში მოძრაობა მოძრაობას რომ ჰგავდა, დღეს ხომ (თუნდაც დრამაში) უმეტესად პანტომიმები უყვართ, შოუებს ეტრფიან, საქვეყნო წუხილით გაჯერებულ ტექსტებს ახლოსაც არ ეკარებიან.
სცენაზე სახიერდებოდნენ პიესის გმირები და არა რეჟისორის გააზრებები. მოკლედ, სოსო ნემსაძემ მაქსიმალურად შეინარჩუნა მაღალი მხატვრული ღირებულების, ღრმა ფიქრის დამტეველი ტექსტი, ამითაც გამოირჩეოდა ეს სპექტაკლი. 
იქნებ ამ სპექტაკლით დაიწყოს ქართული პოლიტიკური თეატრის აღორძინება.
იქნებ“.


ლია კუხიანიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): 

„იისფერ ფონზე სიფრიფანა, ულამაზესი იაა გამოხატული, ქვემოთ კი თეთრი ასოებით აწერია „იის სურნელი თოვლში“. ეს თეატრის ახალი სპექტაკლის პროგრამაა, სპექტაკლისა, რომლითაც თეატრმა სეზონი გახსნა და რომლისგან მოგვრილი სიამოვნება, გულის მღელვარება და სევდაც დიდხანს გამყვება.
ეს იყო თვალისა და გონებისათვის ერთნაირად დაუვიწყარი სანახაობა, მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალებისაგან ხორცშესხმული პიესა კი არა, მამულიშვილებისგან შექმნილ–გაცოცხლებული ტკივილი, რომელის განცდამაც მაყურებელი და მსახიობები ერთ გუნდად აქცია.
როსტომ ჩხეიძე წარსულს მხოლოდ ისტორიის შესახსენებლად როდი მიმართავს, წესისამებრ, მისით აწმყოს უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინებს და რეჟისორმაც შეძლო მაყურებელს ეს განწყობა დაუფლებოდა.
არ ვიცი, რომელი ერთი გამოვყო: სპექტაკლის არაჩვეულებრივი ქარგა, მსახიობების მიერ ანბანის თითო ასოს წარმოთქმა ისე, ამაღელვებელ, მრავლისმთქმელ განცდას რომ აჩენდა მაყურებელში, მათი სადა, მაგრამ დროისა და ხასიათის გამომხატველი კოსტიუმები, კარგი მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა, ქორეოგრაფია და სიმღერები, და თავად მსახიობები: მგზნებარე ახალგაზრდა იაკობი და უკვე ასაკოვანი, ავადმყოფი _ ორი მსახიობი, მაგრამ მათი შესანიშნავი თამაშის გამო ერთ გმირად, ერთ ხასიათად აღქმული პერსონაჟი, ბრძენი გაბრიელ ეპისკოპოსის გამცოცხლებელი მსახიობი, შესაფერი ღირსებით რომ წარმოადგინა თავისი გმირი, მეფისნაცვლის როლის შემსრულებელი, თავად რომ ჰგავდა მშობელ იმპერიას, მზაკვრობით, ვერაგობით, უძრაობით და მისი ყოველი ამოსუნთქვა–ამოხრიალებით; მისი კოხტაპრუწა მდივანი, სასწავლებლის დირექტორი და მასწავლებლები, ჯაშუშები და სემინარისტები, მამაცაშვილთა სალონის ქალები და ვაჟები, დიდი ქართველები: ცხვედაძეები, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური, ვასილ ბარნოვი, შეყვარებული ქალები და მგალობლები – ყველანი იყვნენ არაჩვეულებრივად გულწრფელები, ნამდვილი პროფესიონალები. აღარას ვამბობ სპექტაკლის დასასრულზე, როცა ანბანის თითო ასოს განმეორება მაყურებლისადმი საქვეყნო ტვირთის შესრულების ვალდებულების შეხსენება იყო.
ნამდვილად ღირდა ქუთაისიდან გორში ჩასვლა ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის სანახავად“.



თამარ ყალიჩავა (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):


რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლადო, ამბობდა იაკობ გოგებაშვილი და შექმნა კიდევაც... 
გული როგორ არ გაგვისკდეს, როდესაც, ამ ორი საუკუნის განმავლობაში, იაკობის სკოლის განადგურების მეტი არაფერი გვიკეთებია.
ილუზიებით, სუროგატით ჩანაცვლებული ღირებულებებით, უზნეობით გაბრუებული ადამიანი, ვინც ლამის ყველა სიქველისაგან დაცლილა, ძნელად გაითვალისწინებს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გახმიანებულ სიბრძნეს, აპოლონის ტაძარზე ამოკვეთილ წარწერას - „შეიცან თავი შენი!“...
მაგრამ ვიდრე საკუთარი თავის შესაცნობად მოვემზადებით, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლი - „იის სურნელი თოვლში“ - ვნახოთ (ერთხელ ნახვა ნამდვილად არაა საკმარისი).
დიდი მადლობა ავტორს, რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით გუნდს, ვინც ასეთი არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა...
აკაკი წერეთელი ამბობდა, იაკობი ღირსია, ხალხმა სიცოცხლეშივე დაუდგას ძეგლიო.
თქვენი ნებართვით, ამ სპექტაკლს ვიგულისხმებ ღირსეულ ძეგლად, ღირსეული შთამომავლებისაგან...“


***
არაერთმა მაყურებელმა გამოთქვა სურვილი, რომ აუცილებელია „იის სურნელი თოვლში“ თეატრმა გასტროლებით მოატაროს მთელ საქართველოში, რადგან ეს ის დადგმაა, რომელიც ძალიან ესაჭიროება დღესდღეობით ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას _ შემეცნებითადაც, მხატვრული ძალმოსილებითაც.
სცნეზე ხორცშესხმულმა იაკობ გოგებაშვილმა მართლაც უნდა შემოიაროს ის საქართველო, რომლის გადარჩენასაც მთელი სიცოცხლე შეალია და კიდეც მოახდინა სასწაული: გარუსების გზაზე დამდგარი ყმაწვილები მშობლიურ წიაღს დაუბრუნა სკოლის გაქართულების წყალობით. 
დაე კიდევ ერთხელ მივადევნოთ თვალი, რა კაცნი გვყოლია, რა პატრონნი, რა სულიერი ძალ-ღონისა და თავგანწირვის პიროვნებანი მოვლენოდნენ ჩვენს ქვეყანას საბედისწერო ჟამს.



„მედიანიუსი“

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art