Salesman

გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 170-ე საიუბილეო სეზონი 2015 წლის 19 სექტემბერს, ცნობილი ამერიკელი დრამატურგის არტურ მილერის ორმოქმედებიანი პიესის „კომივოიაჟორის სიკვდილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით “Salesman” გაიხსნა, რომლის რეჟისურა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს ეკუთვნის. მილერი წარმატებულად ახერხებდა საკუთარ შემოქმედებაში დელიკატური ბალანსის დაცვას საზოგადოებასა და ინდივიდს შორის. ინდივიდი ოჯახსა და ინდივიდი საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი პიესის მთავარი პერსონაჟის ვილის გარშემო ტრიალებს. სოსომ შეძლო და „Salesman”-ით კიდევ ერთხელ გვიჩვენა საკუთარი ორიგინალური რეჟისორული ხედვა, დროსა და სივრცეში გარდამავალი მოქმედებების წყალობით, როდესაც მაყურებლის თვალწინ იშლება ერთ სივრცეში, მაგრამ სხვადასხვა დროში პარალელურად მიმდინარე მოქმედებები. ასევე მისი დამსახურებაა ის რომ, დასმა წარმოდგენის დასაწყისიდან დასასრულამდე, ბოლომდე შეინარჩუნა გუნდურობა. მაყურებელი თვალნათლივ ხედავდა, როგორ სცემდნენ პატივს მსახიობები ერთმანეთს სცენაზე და ინარჩუნებდნენ ერთ მთლიან მუხტს, რაც გადამდები აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რომელიც ერთი ამოსუნთქვით, მოუწყენლად შესცქეროდა სცენას და ინტერესით სავსე თვალებით, ემოციებით დატვირთული ადევნებდა თვალყურს სპექტაკლს დასასრულამდე.სპექტაკლის ამომავალ წერტილს მამა-შვილს შორის არსებული კომფლიქტი წარმოადგენს. ვილი და ბიფი, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, მას მერე რაც შვილმა მამას საყვარელთან (თეკლა მარჯანიშვილი) წაუსწრო. სწორედ აქედან დაიწყო მათ შორის უთანხმოება, რომელიც თანდათან გაღვივდა და ხშირი ჩხუბის მიზეზად იქცა. ბიფი და ჰეფი ზაზა თედელური და გიორგი ელიზბარაშვილი ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟია. ზაზას მიერ განსახიერებული ბიფი მეტად მგრძნობიარეა, ყველაფერი, ჰეფისგან განსხვავებით გულთან ახლოს მიაქვს და განიცდის. არც ფიზიკურ შრომას თაკილობს საარსებო მინიმუმის საშოვნელად და არც ქურდობაზე ამბობს უარს, რამაც ბევრჯერ შეუშალა ხელი წინსვლაში. “კაცი უდიდეს ქვეყანაში დაიკარგა, თანაც ოქროს ხელები აქვს, ჩემს ადგილს დავუთმობ. მალე ის დიდი კაცი გახდება- Salesman“- ასე აფასებს მამა ბიფის შესაძლებლობებს. ზაზას საკმაოდ კარად აქვს შესწავლილი საკუთარი პერსონაჟი, ღრმად წვდება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ოსტატურად ზრდის საკუთარ გმირს სცენაზე, ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე. აღსანიშნავია მისი ასაკობრივი სახეცვლილება, რასაც დახვეწილი სამსახიობო ოსტატობის საშუალებით წარმატებით ართმევს თავს. რაც შეეხება ჰეფის ის ძმისგან განსხვავებით ყველაფერს ზერელედ უყურებს, გულთან არაფერი მიაქვს და ცხოვრობს ყოველდღიურობით, ლაღად იმდენად რამდენადაც შესაძლებელია მის მდგომარეობაში. ”შენ საპნის ბუშტო“ ასე აფასებს ბიფი სპექტაკლის კულმინაციურ ნაწილში საკუთარ ძმას. ცხოვრებისადმი პერსონაჟის მსუბუქ დამოკიდებულებას მსახიობი გიორგი ელიზბარაშვილი საკმაოდ კარგად გადმოსცემს და მისი გმირიც საკმაოდ დამაჯერებელია, გულწრფელი მაყურებელთა წინაშე.ვილი- შოთა ხანჯალიაშვილი, ერთი წარუმატებელი გაყიდვების მენეჯერია, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა ამაო შრომაში, მთელ გამომუშავებულ თანხას კრედიტების დაფარვას ახმარდა, ისევე როგორც ამერიკული ოჯახების უმეტესობა. შოთა ახალგაზრდა დამწყები მსახიობი საკმაოდ კარგად ართმევს თავს მისთვის დასახულ ამოცანას. სპექტაკლის განმავლობაში ის ერთდროულად განასახიერებს როგორც ვილის ახალგაზრდობას, ასევე მის სიბერეს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის მეტად დამაჯერებელია ახალგაზრდა ვილის როლში. რაც ვფიქრობ, რომ ასაკობრივი გამოუცდელობის ბრალია, რადგან მასში საკმაოდ დიდი პოტენციალი ჩანს, რომელსაც განსავითარებლად დრო და გამოცდილება სჭირდება. ვილი- ადამიანი, რომელიც დაკარგულია დროსა და სივრცეში, აწმყოში წარსულით ცხოვრობს, საკუთარ ნერვებსა და ენერგიას მხოლოდ იმას ახმარს, რომ გაიხსენოს და ინანოს განვლილი ცხოვრება, როდესაც მას შანსი ჰქონდა წინსვლის, მაგრამ ხელიდან გაუშვა, საკუთარი ლაქიური და სუსტი ბუნების გამო. მის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მეუღლე- ლინდა- ახალგაზრდა ლინდა- ანა ჩოგოვაძე, ასაკოვანი- სოფი მაიერი. ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ანა ჩოგოვაძე უფრო ენერგიული, ეშხიანი, მოუსვენარი ახალგაზრდა ქალია, რომელიც საკმაოდ კარგად ახერხებს მეუღლეზე გავლენის მოხდენას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროსაც ასე მოხდა, იმის გამო, რომ მას გვერდში ყოლოდა მეუღლე უარი ათქმევინა გამდიდრების რეალურ შანსზე, როდესაც ვილის საშუალება ჰქონდა ფულის საშოვნელად ძმას გაჰყოლოდა (მერაბ ჭანკოტაძე). რასაც ვერ ვიტყვით სოფიზე, რომელიც ასაკში მეტად მშვიდი, გაწონასწორებული და ბოლომდე ერთგული მეუღლის როლს ირგებს. სოფი ასაკის მიუხედავად შოთასგან განსხვავებით მეტად ახერხებს სამსახიობო ოსტატობის გამოყენებით, ტემბრის კარგად ფლობის უნარით ბოლომდე გაითავისოს ასაკოვანი მეუღლის ლინდას პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით ამაღელვებელია ფინალურ სცენაში, როდესაც შინ მომავალი, უკვე საკუთარ, მაგრამ ამავდროულად დაცარიელებულ სახლში მარტო რჩება და სპექტაკლს ამთავრებს სიტყვებით: „მაპატიე ძვირფასო, ვერ ვტირი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი აღარ შემიძლია. ასე მგონია ცოტახნით გაემგზავრე და მალე დაბრუნდები. გელოდები, სულ გელოდები. ასე რატომ მოიქეცი? დღეს ბანკში ბოლო შენატანი გავაკეთე და სახლის საფასური სულ მთლიანად დავფარე. ახლა ბინა უკვე ჩვენია. მაგრამ აქ აღარავინ იცხოვრებს. არავის ვალი აღარ გვაქვს. თავისუფლები ვართ, თავისუფლები!“ თავისუფლები ვილის სიცოცხლის ხარჯზე. მანაც ხომ თავის სწორედ იმის გამო მოიკლა, რომ ოჯახს დახმარებოდა, რისთვისაც ყველაზე მარტივი გზა აირჩია. არაერთი სუიციდის მცდელობის შემდეგ მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, დეპრესიასა და ნერვული აშლილობის პირას მყოფმა ამის ძალა მაინც აღმოაჩინა საკუთარ თავში. არ სურდა რაიმე კვალის დატოვების გარეშე ამ ქვეყნიდან წასვლა, მასაც სურდა რაიმე ღირებულის გაკეთება ცხოვრებაში: „ადამიანს არ აქვს უფლება ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, როგორც მოვიდა. მან რამე კვალი უნდა დატოვოს“, რაც აქამდე ვერ შეძლო თუმცა შეძლებისდაგვარად არც ძალისხმევა დაუკლია. ვილი ახალგაზრდობაში საკმაოდ ამპარტავანიც იყო, საკმაოდ დიდი წარმოდგენები ჰქონდა საკუთარ თავზე, რამაც ვფიქრობ ერთგვარად ხელიც კი შეუშალა პროფესიულ წინსვლაში. მისთვის არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი ჩარლის (კახა ბერიძე) მის კეთილშობილ მეზობელს, რომელიც ვილის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეხმარებოდა და გვერდში ედგა, თუმცა ამის დანახვა ვილის საკუთარი ეგოისტური ბუნებიდან გამომდინარე ხშირად უჭირდა. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ კახამ, ეპიზოდური როლის მიუხედავად საკმაოდ აღსანიშნავი სახე შექმნა სპექტაკლში და ჩარლის პერსონაჟიც მაყურებლისთვის დასამახსოვრებლად აქცია.„ხალხი მომრავლდა“, კონკურენციამაც მოიმატა, ვილი ხვდებოდა რომ ასეთ გარემოში ცხოვრება და საკუთარი ადგილის პოვნა თანდათან მეტად უძნელდებოდა. ახრჩობდა გარემო სადაც ცხოვრობდა და მის ერთადერთ ნათელ წერტილს, სუნთქვის საშუალებას სახლში არსებული დარაბა წარმოადგენდა, თუმცა აქაც „სუნთქვისთვის მხოლოდ სხვისი სახლიდან გამოსული მყრალი ჰაერი დარჩენილა.“ დარაბა- ვილის ცხოვრება, მის გარდაცვალებასთან ერთად იხურება წარმოდგენის ბოლოს, რაც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო რეჟისორისეულ მიგნებას წარმოადგეს მხატვარ თამარ გურგენიძის თანადგომის წყალობით. აქვე მინდა აღვნიშნო სცენაზე განთავსებული კომპაქტურად მორგებული კარებები, რომლებიც სიუჟეტისა და სცენის ცვლასთან ერთად იცვლება და საბოლოო ჯამში ერთ ცოცხალ, სრულიად დამოუკიდებელ პერსონაჟს ქმნის. ჰაერში გამოკიდებული მანქანაც, ვილის ცხოვრების განუყოფელს ნაწილსა და მის მუდმივ თანამგზავრს წარმოადგეს, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა, სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად იყო და მასთან ერთადვე დაიღუპა.


©ნინო გაბრავა

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art