კომედიის ფესტივალი ნაომარ ქალაქში

შეიძლება ითქვას,  ქართული თეატრალური სიცილის ენერგია გორში იკრიბება. რადგან აქ, მეორე წელია,  გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, სოსო ნემსაძის, შესანიშნავი მიგნება,  კომედიის ფესტივალი  ტარდება, რომლის იდეურ-ემოციური იმპულსი, ცხადია, გიორგი ერისთავის სახელმა განსაზღვრა. წელს,  ფესტივალი იმპროვიზირებული სანახაობით და საყურადღებო გზავნილით გაიხსნა: „კომედიის ფესტივალი ნაომარ ქალაქში“. ამ წინადადებამ  სიცილისა და ტირილის აუცილებელ ადგილმონაცვლეობას გაუსვა ხაზი. ტრაგედიისა და კომედიის ტრანსცენდენტული მთლიანობა აღნიშნა და თეატრალური ნიღბები გააერთიანა!

ნაომარ ნიადაგზე კომედიის აღმოცენება ყველაზე ორგანული აღმოჩნდა, რასაც  ადგილობრივი მაყურებლის უჩვეულო აქტიურობა ადასტურებს.

წელს, ფესტივალზე 16 თეატრალური დასი იყო წარმოდგენილი. თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო ორი წარმოდგენა მოიხსნა: მოძრაობის თეატრის „აბრაკადაბრა“ და ილიაუნის თეატრის „ჭირვეულის მორჯულება“. დარჩენილ 14 სპექტაკლს ფესტივალის სპეციალური, ახალგაზრდული ჟიური აფასებდა.  ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, ჟიურის წევრები ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, რამდენიმე სერიოზული გამართლება აქვს. ჯერ ერთი, ახლგაზრდა თეატრმცოდნეები  ნაკლებად არიან თეატრებთან ინტეგრირებულნი,  რაც კონკრეტული თეატრალური წრეებისა და კულუარული ინტრიგებისაგან თავისუფლებასაც ნიშნავს. ხშირ შემთხვევაში, ისინი მეტად პრინციპულები არიან და რაც მთავარია აქვთ თანამედროვეობის გამძაფრებული აღქმა. მეორეც, ახალგაზრდებს სჭირდებათ სამოქმედო სივრცე, მათ ცხადად უნდა იგრძნონ თავიანთი პროფესიის საჭიროება.   სასიხარულოა, რომ ფესტივალის ორგანიზატორების მიდგომაში თანამედროვე ქართული თეტრმცოდნეობის პრობლემების გააზრებაც ჩანს.

კომედიის ფესტივალზე  ჩვენ, ჟიურის წევრებმა,   შესანიშნავი ადამიანური დამოკიდებულებების გარდა, მივიღეთ შეფასების სრული თავისუფლება. არ ყოფილა არც ერთი ზედმეტი კითხვა ფესტივალის დაწყებიდან დასრულებამდე. მინდა, კიდევ ერთხელ,  მადლობა გადავუხადო მათ  ჯანსაღი მიდგომებისა და აზროვნებისათვის.

როგორც ჟიურის თავმჯდომარეს, პატივი მქონდა მემუშავა და წარმოდგენილი სპექტაკლები შემეფასებინა ოთხ ახალგაზრდა თეატრმცოდნესთან ერთად. ისინი არიან: ბაკო ფარჯანაძე, ნუცა კობაიძე, თიკო გაბელაია და ნინო გაბრავა. ზოგადად ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ თანამედროვე ხედვასთან ერთად მათ გააჩნდათ  პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. თავიდანვე შევიმუშავეთ შეფასების სისტემა, რამაც საკმაოდ გაგვიადვილა მუშაობა. თითოეულ ნომინაციას ვაფასებდით ხუთბალიანი სისტემით. ხოლო საუკეთესო სპექტაკლების გამორჩევა ხდებოდა მათი აქტუალობისა  და ზოგად მხატვრული დონის გათვალისწინებით.  არითმეტიკული ჯამის საშუალებით შევძელით ჟიურის ყოველი წევრის მოსაზრება შედეგის განმსაზღვრელად გვექცია და ასევე გამჭვირვალე გაგვეხადა შეფასების პროცესი.  ნაკლებად გაჩენილიყო ეჭვები და  ნებისიერ კითხვაზე პასუხიც გამარტივებულიყო. ცხადია გვერდი ვერ ავუარეთ დისკუასიასაც, რომელიც ძირითადად საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის და დრამატურგიის გამოვლენას ახლდა.

უნდა აღინიშნოს, რომ   კონკურსზე წარმოდგენილი სპექტაკლებიდან არ შეფასდა ორი დადგმა: პანტომიმის სახელმწიფო თეატრის „კრიმანჭული“ და „თავისუფალი თეატრის“ „ვალსი ძილის წინ“. ჩვენი აზრით, ისინი ჟანრობრივად არ შეესაბამებოდნენ კომედიის ფესტივალს. ასევე არასრული შეფასება მიიღო „რკინის თეატრმა“ რადგან მიმდინარე სეზონში ამ თეატრის თანამშრომელი ვიყავი. ამიტომ პროფესიული პრინციპებისა და ასევე, ფესტივალის დებულებიდან გამომდინარე „რკინის თეატრი“  ჩემი შეფასების გარეშე დარჩა.  

საინტერესო აღმოჩნდა ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლებისა და გამოკვეთილი თემების ზოგადი სურათის ანალიზი. თანამედროვე რეჟისორების ინტერესი გამძაფრებულია სქესდაკარგული ადამიანების მიმართ, ასევე აქტუალურია სოციალური პრობლემები, „მილიონრების“ თემა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ედუარდო დე ფილიპოს დრამატურგია.  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პიესები, ნეაპოლიტანურ სულში გაერთიანებული ნეორეალიზმი და კომედია დელარტე, დ. საყვარელიძის რეჟისურით უცნაურად თანამედროვე გამოჩნდა ქართულ სცენაზე. სოხუმის თეატრის სპექტაკლი „მილიონრები“ ორგანულად ჩაეწერა კომედიის ფესტივალის კონტექსტში. სცენაზე აფეთქებული ნაღმები, ცოტა ხნის წინ დაბომბილ ქალაქს ნაცნობ მტვერში ხვევდა და თვითგადარჩენის ინსტინქტს უღვიძებდა. აქტუალობა გადამწყვეტი აღმოჩნდა საუკეთესო სარეჟისორო სპექტაკლის გამოსავლენად და გამარჯვებულად დ. საყვარელიძე დასახელდა.  ნომინაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ:

  1. მამუკა ტყემალაძე სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ მ.თუმანიშვილის სახელობის თეატრი;
  2. სოსო ნემსაძე სპექტაკლით „მუსუსი“ გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრი

რეჟისორები სულ უფრო ხშირად გვთავაზობენ ცნობილი ფილმების სცენურ ვერსიებს, რაც ზოგჯერ მაყურებლის ინტერესის წინაპირობა ხდება.  ფესტივალზე ასევე ვნახეთ ქართული კლასიკური მწერლობის ინსცენირებები. ამასთან ერთად, სასიხარულოა, რომ წარმოდგენილი იყო ოთხი თანამედროვე  ორიგინალური ქართული პიესა.  ნომინაციაზე  საუკეთესო დრამატურგია ჟიურის გადაწყვეტილებით შეფასებული იყო სწორედ ორიგინალური ქართული პიესები. დისკუსიის შემდეგ გამარჯვებულად დასახელდა ნინო მირზიაშვილი პიესით „მაცეკვე ტანგო.“ მის სასარგებლოდ არსებული ძირითადი არგუმენტი პიესაში მოცემული თემის სიღრმე იყო, ადამიანური ურთიერთობებისა და ხასიათების მხატვრული სიმართლე. ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ:

  1. ოთარ ქათამაძე - პიესით „აივანი“
  2.  რეზო კლდიაშვილი- პიესით „იმერული რექვიემი“

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა ლია სულუაშვილი, ფერმონიას როლის შესრულებისათვის, მესხეთის თეატრის სპექტაკლში „აივანი“, რეჟ. გ. შალუტაშვილი.  მსახიობის მიერ შექმნილი, სიმსუბუქითა და იუმორით გამორჩეული, ტრაგიკულ სიმაღლემდე ასული მხატვრული სახე პროფესიულ შეფასებას და აუცილებელ აღნიშვნას იმსახურებდა. ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ:

  1. ნინელი ჭანკვეტაძე - (ნელი) „მაცეკვე ტანგო“ მ. თუმანიშვილის სახელობს თეატრი
  2. ქეთი ცხაკაია -  „მთვრალი ალუბალი“ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ერთხმად დასახელდა შესანიშნავი დუეტი ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლიდან „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, რეჟ. გ.სიხარულიძე.     დავით როინიშვილის ჟოზეფინა და ზვიად სვანაძის დაფნა იმდენად მთლიან მხატვრულ  სახეს წარმოადგენდნენ, რომ მისი გაყოფა შეუძლებლად მივიჩნიეთ. ნომინაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ:

  1. გია აბესალაშვილი, - „მაცეკვე ტანგო“ მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრი
  2. ჯანო იზორია -  (ჯენარი) „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, ფოთის ვ,გუნიას სახელობის თეატრი

ახალგაზრდა მამაკაცის როლის შესრულებისათვის პრიზი გადაეცა ნოდარ სიმსივეს ცელია პიჩემის როლის შესრულებისათვის  „რკინის თეატრის“ სპექტაკლში „სულ სხვა ოპერა“, რეჟ. დ. ანდღულაძე.  უნდა აღვნიშნო, რომ ამ ნომინაცაში ნოდარმა ჩემი შეფასების გარეშე გაიმარჯვა. წარდგენილები იყვნენ:

  1. ზაზა თედელური - (გოგი), „მუსუსი“ გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრი
  2. ნიკა ფაიქრიძე - (სოსოია), „მე ვხედავ მზეს“ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი

ახალგაზრდა ქალის როლის შესრულებისათვის დაჯილდოვდა მარიამ არღუთაშვილი კატოს როლის შესრულებისათვის სპექტაკლში „მუსუსი“, რეჟ. ს. ნემსაძე. მიუხედავად გადაჭარბებისა მსახიობმა შეძლო მკვეთრი სცენური ხიბლის მქონე ხასიათის წარმოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ნომინირებულების დასახელება გაგვიჭირდა.  საბოლოოდ  ნომინაციაზე წარვადგინეთ:

  1. სოფიო ჩირაძე - (რიტა) „ცილინდრი“ ქუთაისი
  2. ხატია მელქაძე -(ხატია),“მე ვხედავ მზეს“ მოზარდმაყურებელთა თეატრი

და მთავარი, საუკეთესო კომედიურ სპექტაკლად აღიარება მოიპოვა მიხეილ თუმანიშვილის  სახელობის თეატრის მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა „მაცეკვე ტანგო“, რეჟისორი  მამუკა ტყემალაძე. განსაკუთრებული სამსახიობო შესრულებით და ცოცხალი იუმორით გამორჩეული სპექტაკლი ფესტივალის ჟიურის და მაყურებლის უდავო ფავორიტი იყო.   ნომინაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ

  1. ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით „მილიონრები“, რეჟისორი დავით საყვარელიძე, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრი
  2. ბილი უაილდერი,„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი

ჟიურის სრული შემადგენლობის სახელით ვულოცავ 2015 წლის კომედიის ფესტივალის ნომინაციებში წარდგენილებსა და გამარჯვებულებს!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალების სიმრავლე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კულტურის მხარდაჭერის ნიშანია, იმედს გამოვთქვამ, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო სისტემურ ხასიათს მიიღებს!


წყარო

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art