შავი ოთახი / Black box

საქართველოში კრიტიკას/განხილვას შავი ფერი აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე თეატრალურ განხილვებს ეხება.

ჩვენ მხოლოდ კარგის მოსმენა გვსურს. არ ვაღიარებთ არცერთი ადამიანის აზრს, რომელიც დადგმული სპექტაკლის, სუსტ წერტილზე ან შეცდომებზე მიგვითითითებს.

რადგან კრიტიკა შავ ფერთან ასოცირდება და "კომედიის ფესტივალმა“ თეატრების და თეატრმცოდნეების ეს შავი ნაწილი ორი წლის მანძილზე კარგად დაინახა, გადავწყვიტეთ ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით მივუდგეთ და ამიტომ, ფესტივალზე კონკურსის მოხსნის შემდეგ, შევქმენით შავი ოთახი ანუ black box - ი. ადგილი სადაც სპექტაკლების განხილვა მიმდინარეობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა ვთვლით, რომ Black Box -მა თავისი დანიშნულება შეასრულა და შეიქმნა სივრცე სადაც ვირტუალური/წერილობითი ურთიერთობები რეალურ ურთიერთობებში გადაიზარდა. 


დღეს გორში დასრულდა კომედიის ფესტივალი, რომელიც ერთი მხრივ ქართული თეატრის დღევანდელობის სურათის მაჩვენებელიც აღმოჩნდა. რამდენიმე სპექტაკლს დავესწარი მხოლოდ, რამდენიმე ნანახი მქონდა, რამდენიმე ვერ ვნახე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ვთქვათ, რომ მაღალი მხატვრული ხარისხის კლასიკური კომედია (ხასიათების, სიტუაციების) ფაქტობრივად თანამედროვე თეატრში არ გვაქვს... ამ ფესტივალმა ზოგადი სურათიც გვიჩვენა, თუ რა დონეზეა სამსახიობო სკოლა და განსაკუთრებით როგორი დიდი პრობლემებია რეგიონის თეატრებში...
მაპატიეთ და ამ ფესტივალმა გამოაჩინა, ჩვენი, როგორც თეატრის კრიტიკოსების უსუსრობაც და ნაკლოვანეებიც. ფესტივალის ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ფორმა - სპექტაკლის შემდეგ შეხვედრა კრიტიკოსებთან - მნიშვნელოვანი რამ მგონია, იმიტომ, რომ მიხვდი, როგორი ძნელი ყოფილა პირისპირ მსახიობებთან იყო გულწრფელი და თან აკონტროლო ყოველი სიტყვა, მოძებნო დიპლომატიური გზები, თანაც ისე, რომ არ შეგელახოს პროფესიული თავმოყვარეობა, ღირსება და ავტორიტეტი. ჩემთვისაც (ალბათ ჩემი კოლეგებისთვისაც) ეს დიდი და ახალი გამოცდილება იყო.
ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის გუნდს, რომ დამანახა საით მიდის და როგორ ესმით კომედია ქართულ თეატრში, დამანახა როგორ იღებს ან ვერ იღებს კრიტიკას, თუნდაც განსხვავებულ მოსაზრებას ჩვენი თეატრი, დამანახა რა ნაკლოვანებებია კრიტიკოსის პროფესიაში დღეს...
მინდა ხანგრძლივი სიცოცხლე და დიდი წარმატება ვისურვო კომედიის ფესტივალს, გორის თეატრს და ზოგადად, ქართულ თეატრს. 
მადლობა სოსო ნემსაძეს, რომელიც არის ღია და მზა ნებისმიერ თანამშრომლობაზე, მადლობა მას (მის გუნდთან ერთად), რომელმაც დააფუძნა და განავითარა კომედიის ფესტივალი, მადლობა, რომ შეძლო დაერწმუნებინა კერძო სექტორი თეატრალური პროექტის დასაფინანსებლად. სახელმწიფო სტრუქტურებმა კი მადლობა უნდა გადაუხადოს მას მცირე სახსრებით მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის - ლაშა ჩხარტიშვილი.









AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art